მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-18 რაუნდთან დაკავშირებით

2011 წლის 14 დეკემბერს გაიმართა ჟენევის მოლაპარაკებების რიგით მე-18 რაუნდი, რომელზეც განიხილებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხები. ჩატარდა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელთა მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ჟენევის მოლაპარაკებათა მე-18 რაუნდში მონაწილეობდნენ სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია. სამუშაო ჯგუფებში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ცხინვალისა და სოხუმის მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლები. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.

მე-18 რაუნდის დროს, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა გაჭიანურებული კონფლიქტების საკითხებში ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს, ელჩს გედრიუს ჩეკუოლისს გაწეული ძალისხმევისთვის და მიესალმა ეუთოს 2012 წლის ირლანდიის თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიის საკითხებში და ჟენევის მოლაპარაკებების ახალ თანათავმჯდომარეს, ელჩს პოდრიგ მერფის.

მოლაპარაკებების პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მიმდინარეობს მუშაობა ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის შეთანხმების თაობაზე, განხილულ იქნა თანათავმჯდომარეების მიერ შემოთავაზებული გეგმით გათვალისწინებული კონკრეტული ნაბიჯები. ხაზი გაესვა, რომ სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარება შესაძლებელია მხოლოდ იმის შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია აიღებს ვალდებულებას საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ და შეასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პირობას, მათ შორის გაიყვანს თავის სამხედრო ძალებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა, ისევე როგორც აშშ-ის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას აიღოს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციისა და რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან ხშირი აგრესიული განცხადებების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის მიერ მსგავსი ვალდებულების აღება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. აღნიშნულ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნ. პატრუშევისა და ს. ლავროვის მიერ უკანასკნელ პერიოდში გაკეთებულ პროვოკაციულ განცხადებებზე. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია უპასუხებს 2010 წლის ნოემბერში საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას და აიღებს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას. მხარეები გააგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობას ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდების დროს.

საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთხელ მოითხოვა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაარსების საკითხის სიღრმისეული განხილვა. პროცესის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები არის მშვიდობისა და ცეცხლის განუახლებლობის საუკეთესო გარანტია. თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მონაწილეებს კონსტრუქციული მოლაპარაკებებისკენ ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მისიის შექმნის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მანდატის სრულყოფილი შესრულებისა და ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდების საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნულ კონტექსტში მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა წარმოადგინეს კონკრეტული გეგმა, რომლის განხილვაც გაგრძელდება შემდგომ რაუნდებზე.

მე-18 რაუნდის დროს ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა თანათავმჯდომარეების ყურადღება საოკუპაციო ხაზების მიმდებარე ზონებში გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე და გამოხატა შეშფოთება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ე.წ. მესაზღვრეებისა და მარიონეტული რეჟიმის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავების გამო. თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ დაჟინებით მოითხოვეს მონაწილეებისგან მსგავსი პრაქტიკის შეწყვეტა და დაკავებული პირების გათავისუფლება.

მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ნაყოფიერი მუშაობა და მზადყოფნა გამოხატეს, განაგრძონ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. რამოდენიმე მონაწილემ ხაზი გაუსვა მექანიზმების შესაძლებლობის სრული გამოყენების აუცილებლობას.

სამწუხაროდ, მეორე სამუშაო ჯგუფში მოსკოვი და მისი მარიონეტული რეჟიმები კვლავაც უარს აცხადებენ განიხილონ ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო, ღირსეულ და ნებაყოფლობით დაბრუნებასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული საკითხები. აუცილებელია იძულებით გადაადილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნების საერთაშორისოდ აღიარებული უფლების პატივისცემა და ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდებზე შესაძლებელი გახდება პროგრესის მიღწევა აღნიშნულთან მიმართებაში.

ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი გაიმართება 2012 წლის 29 მარტს.