ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნიკო კეცხოველის პრემია 2017-სა და კონკურს „ფოტოსინთეზის" ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს 23 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
ნიკო კეცხოველის 2017 წლის პრემიის სახელწოდება „მწვანე რეაქცია", რომლის ფარგლებშიც, ათასამდე გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა. სასკოლო ინიციატივებმა საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთიც.
პრემიის ფარგლებში გარემოსდაცვითი მრავალი ღონისძიება ჩატარდა. საუკეთესო 100 სკოლიდან ფინალურ ტურში ერთმანეთს 23 სკოლა შეეჯიბრა. თითოეულს მიენიჭა „მწვანე სკოლის" სტატუსი, გადაეცა დროშა და სერთიფიკატი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ერთ-ერთი წარმატებული სკოლის ეკოკლუბის წევრებს საჩუქრად პლანშეტი გადასცა, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსგანაც საჩუქრად ენციკლოპედიები მიიღეს.
პრემიის გამარჯვებულებმა საჩუქრად სასკოლო-საზოგადოებრივი ცენტრების, ე.წ. „ეკო-ჰაბების" პროექტები მიიღეს, რომელიც ყველაზე აქტიურ სამ სკოლას ყოველგვარი სამუშაო პირობით უზრუნველყოფს.
ინიციატივა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ნიკო კეცხოველის პრემიის თანაორგანიზატორები არიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განათლების სამინისტროები.
ღონისძიებას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, საერთაშორისო, საზოგადოებრივი და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.