სახელოსნო „2 ART“-სა და აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის ინიციატივით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში „არტ-ფესტივალი 2017“ გაიმართა. ფესტივალის მიზანი სხვადასხვა თაობის მხატვრის ერთ საგამოფენო სივრცეში თავმოყრა იყო.
„არტ-ფესტივალზე“ გამოფენილი იყო 100-მდე მხატვრის ფერწერული, გრაფიკული, გამოყენებითი ხელოვნებისა და ქანდაკების ნიმუშები. ფესტივალის ფარგლებში დამთვალიერებლებს წამოდგენილი ნამუშევრების შეძენაც შეეძლოთ. „არტ-ფესტივალზე“ შემოსული თანხის ნაწილი ვალერი არქანიას არტ-გალერეის განვითარებას მოხმარდება.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვლაეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ხელოვნების სფეროს მოღვაწეები, კრიტიკოსები და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.