მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაია ჟენევაში გაემგზავრა

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდი გაიმართება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს დელეგაციათან ერთად ჟენევაში გაემგზავრა. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდის დღის წესრიგით მონიშნულია უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები. შეხვედრაზე განხილული იქნება სამი მთავარი მიმართულება: ძალის არგამოყენების ვალდებულება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება საკუთარ სახლებში.

საქართველოს დელეგაცია დააყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებების საკითხს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ცხინვალის რეგიონისთვის სახელის შეცვლის მიზნით დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზე, ასევე ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაციისა და ორივე რეგიონში მილიტარიზაციის პროცესების გაგრძელებაზე.

ოფიციალური თბილისი ასევე იმსჯელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეების გატაცების ფაქტებზე, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით გამშვები პუნქტების დახურვის თემებზე.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდი ორდღიანია და 28-29 მარტს გაიმართება.