მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვანის რაიონში ხანძრის შედეგად დაზარალებულ დევნილებს დახმარება გაეწიათ

ვანის რაიონში ხანძრის შედეგად დაზარალებულ თითოეულ დევნილ ოჯახს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ 1000 ლარი და ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. თანხა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

,,ჩვენ ადგილზე გავეცანით ვითარებას და ოპერატიულად მოვახდინეთ რეაგირება. აფხაზეთის მთავრობამ თითოეულ ოჯახზე 1000 ლარიანი ფულადი კომპენსაცია გამოყო, რომელსაც ამ ეტაპზე დაზარალებული დევნილები პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად გამოიყენებენ,"- განაცხადა გიორგი ბარამიამ.

შემთხვევის ადგილზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები, იმერეთის რეგიონის ვიცე-გუბერნატორი გიორგი აბესალაშვილი და ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ გეგიძე იმყოფებოდნენ.

დღეს, გამთენიისას ვანის რაიონში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი 12 ოჯახი ცხოვრობდა, ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად 12 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.