აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტდარბაზში 2003-2005, 2006-2007 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ბიჭებში ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა.
ტურნირში საქართველოს სხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სომეხმა, აზერბაიჯანელმა, თურქმა, რუსმა და ირანელმა სპორტსმენებმა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი დაესწრნენ.
ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა წელს მეექვსედ გაიმართა და შეჯიბრი ფარიკაობის სამივე სახეობაში (დაშნა, ხმალი, რაპირა) ჩატარდება. გამარჯვებული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. ტურნირის მიზანია, ფარიკაობის, როგორც სპორტის ოლიმპიური სახეობის პოპულარიზაცია და განვითარება. ასევე, ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა, სპორტული ოსტატობის ამაღლება და ჯანსაღი თაობის აღზრდა.