მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესია მოინახულა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესი და უნეტარესმა ილია მეორე თბილისში, აგლაძის ქუჩაზე (ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია) ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესია მოინახულა. მან აფხაზეთის ხელისუფლებას და დევნილ მოსახლეობას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა ეკლესიის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის. პატრიარქმა შეკრებილი მრევლი დალოცა და უფალს საქართველოს გაძლიერება და გამთლიანება შესთხოვა.

ტაძრის ტერიტორიაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწყო.

2016 წლის მაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შემოწირულობებისათვის შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების თანამშრომლები შემოწირულობის სახით პერმანენტულად რიცხავენ თანხას ეკლესიის მშნებლობისთვის. გარდა ამისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების თანამშრომლები უშუალოდ მონაწილეობენ ეკლესიის მშნებლობის პროცესშიც.