შესანიშნავი მწერალი, უაღრესად განათლებული, დიდსულოვანი ადამიანი, რომლის ბობოქარმა სულმა ვერ გაუძლო ღალატს, ტკივილს, უსამართლობას, დროში გაწელილ მოლოდინს...
წავიდა აფხაზებისა და ქართველების ბედნიერი მომავლისათვის მებრძოლი, მშობლიური კუთხის უბედურებით გულდათუთქული პიროვნება.
,,ჩემი განსასჯელი არ არის, რას ვემსახურებოდი მთელი ცხოვრების მანძილზე ქვეყანაში, სადაც დავიბადე და ვიცხოვრე 66 წლამდე - სიკეთეს თუ ბოროტებას, ამას უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლო განსჯის, მაგრამ ის კი აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ, ავად თუ კარგად, გონებისა და გულის ყველა შესაძლებლობა მივუძღვენი უკეთესი მომავლის იმედს, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის" - ალექსეი თარიას ეს სიტყვები ერთობ საინტერესო და გასათვალისწინებელია იმ ფაქტებისა და მოვლენების აღწერით, რაც იყო, არის და მომავალში შეიძლება მოხდეს საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში - აფხაზეთში.
ალექსეი თარია დარწმუნებული იყო, რომ აფხაზეთის მომავალი საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია, ისევე, როგორც ქართველის ბედნიერება აფხაზის გარეშე, რომ ეს ორი მოძმე ხალხი ერთი მიწის შვილია.
ალექსი თარია დაიბადა 1948 წელს აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკში. მან საშუალო განათლება სოხუმის სკოლა-ინტერნატში მიიღო. 1968 - 1974 წლებში ცხოვრობდა ესტონეთსა და ლატვიაში, რის შემდეგაც ბრუნდება გუდაუთაში. 1979 წელს ალექსი თარია ჩაირიცხა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1992- 2000 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სანკტპეტერბურგსა და მოსკოვში , 2000 წელს ის დაბრუნდა აფხაზეთში.
ალექსეი თარიამ - თხემით ტერფამდე აფხაზმა, ვერ გაუძლო აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას და ბათუმში პოვა თავშესაფარი... აქედან ცდილობდა ქართველთა და აფხაზთა შერყეული ძმობის აღდგენას.
2014 წლიდან სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ალექსეი თარია მოღვაწეობდა ქალაქ ბათუმში.
2015 წლის ნოემბერში ალექსეი თარიას მიენიჭა აფხაზეთის მთავრობასთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია წერილისათვის ,,გედის სიმღერა" ანუ სამუდამო დევნილის მოგონებები და ფიქრები".