2016 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას ინიციატივით, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები დაწესდა, რომელიც განსაკუთრებული წარმატებით გამორჩეულ და აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე პოლიტიკის მეცნიერების დარგის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს გადაეცემათ. სტუდენტებს ასევე მოეთხოვებათ მაღალი აკადემიური მოსწრება, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა და საზოგადოებრივი აქტიურობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შეაჯამა სტიპენდიების მისაღებად შემოსული წლევანდელი წარდგინებები და ოთხი სტუდენტი გამოავლინა.
ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია მიენიჭათ: გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის ჟურნალისტიკის მე-3 კურსის სტუდენტ დავით დოლიძეს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტ თამარ ბარამიას;
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია მიენიჭათ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მე-4 სემესტრის სტუდენტ თამარ ჩითინაშვილს და კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლი საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს თეონა მჭედლიშვილს.
„ქართველი ახალგაზრდები კარგად უნდა იცნობდნენ აფხაზეთის პრობლემატიკას, ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს სატკივარს, რომელიც გლობალური პოლიტიკის ნაწილიცაა. მათ ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ აფხაზეთის ისტორიაზე, მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, გარდა ამისა, საკუთარი ხედვა უნდა გააჩნდეთ აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გზებზე. არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი და ჟიული შარტავა - ის აფხაზი და ქართველი მამულიშვილები იყვნენ, რომლებიც სხვადასხვა დროსა და ეპოქაში საქართველოს მთლიანობისთვის, ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის იბრძოდნენ. ეს იგივე სამართლიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის გამოხატულებაა, რაც ზოგადსაკაცობრიო იდეალებს ეხმიანება. ამდენად, არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ამ სტიპენდიების მოპოვების მსურველთა შორის აფხაზი ახალგაზრდებიც ვიხილოთ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
სტიპენდიების ოდენობა მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 150 ლარს შეადგენს, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში - 100/150 ლარს. სტიპენდიები დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გაიცემა.