საქართველოს თეატრალური საზოგადოების ორგანიზებით აკაკი ხორავას მსახიობის სახლში საქართველოს სახალხო არტისიტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის დიმიტრი ჯაიანის ბენეფისი გაიმართა.
დიმიტრი ჯაიანმა გაიხსენა თავისი პედაგოგები თუ კოლეგები, ქართული თეატრისთვის ძვირფასი სახელები. მან საკუთარ თავს ქუდბედიანი უწოდა, რადგან ბევრი მსახიობისთვის საოცნებო არაერთი როლის შესრულების პატივი და სიხარული არგუნა ბედმა.
ეკრანზე მსახიობის მიერ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე განსახიერებული საუკეთესო როლები გამოჩნდა სპექტაკლებიდან: „დიდოსტატის მარჯვენა", „ბრძოლა ტახტისათვის", „მარადისობის კანონი", „ზღვა, რომელიც შორია" და სხვ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თეატრალური და შემოქმედებითი საზოგადოების წარმომადგენლები, მეგობრები, ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.