მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ქალაქ ზუგდიდში ჩასახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ქალაქ ზუგდიდში, 23-24 სექტემბერს, დევნილთა ახალ ჩასახლებასა და „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის" შენობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამედიცინო გამოკვლევებში მონაწილეობდნენ  „ნ.პატარკაციშვილის სახ. მრავალპროფილური კლინიკა „დედაშვილობის", კარდიოლოგიური კლინიკა „ადაპტის", თვალის კლინიკა  „ახალი მზერა"-ს, კლინიკა „Heirline"-ის, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი „მზერას", კლინიკა New Hospitals-ის, „კ.მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის", უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტები, აგრეთვე, დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმები.  სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი,ნევროლოგი, ბავშვთა ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი,  მამოლოგი, უროლოგი, ფლებოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი. ჩატარდა ინსტრუმენტული გამოკვლევები (მუცლის ღრუს ორგანოებისა და ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოსკოპია; ელექტროკარდიოგრაფია), ასევე, ლაბორატორიული კვლევა (გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში) აგრეთვე, ბენეფიციარებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი.

ექიმთა დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთიდან დევნილებზე გაიცა მკურნალობისთვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.

ღონისძიების ფარგლებში ქ.ზუგდიდში ორივე დღეს გაისინჯა 350-მდე მოქალაქე, ექიმ-სპეციალისტებთან განხორციელდა 1400-მდე  ვიზიტი.

სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე  და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.