მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მილოცვა მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

 

ძვირფასო პედაგოგებო, ჩვენო საამაყო, ნაამაგარნო, ცოდნის სადარაჯოზე მედგრად მდგარნო განათლების მუშაკნო. მსურს გულითადად მოგილოცოთ პროფესიული დღე და ქედი მოვიხარო თქვენი განუზომელი ღვაწლმოსილების წინაშე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, კეთილდღეობის და წარმატების საფუძველია.

პედაგოგი - ცივილიზებული, დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოს უალტერნატივო საძირკველია. მშვიდობის, ტოლერანტობის და ურთიერთგაგების პირველი მაცნეა ასიათასობით აღსაზრდელისათვის, რომელთა არსებაში მთელი ცხოვრების მანძილზე წარუშლელ კვალს ტოვებს.

ვულოცავთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პედაგოგიურ კოლექტივებს, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილ მასწავლებლებს, რომლებიც მიუხედავად დევნილობის მძიმე ყოფისა, მაინც მედგრად დგანან და ერთგულად ასრულებენ თავიანთ საპატიო მოვალეობას.

განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოღვაწე მასწავლებლებს, რომლებიც ყოველღიური პირადი გმირობის ფასად, უამრავი შეზღუდვების და უსამართლობების მიუხედავად, ერთგულად ემსახურებიან მომავალი თაობების სამშვიდობო ხედვებით აღზრდას.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ყველა პედაგოგს პროფესიულ დღესასწაულს და ვუსურვებთ ერთიან, ძლიერ და სტაბილურ ქვეყანაში თავიანთი ნაღვაწით დამსახურებულ დაფასებას.