„სხივური მედიცინის ცენტრში" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შპს „სხივური მედიცინის ცენტრს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და შპს „სხივური მედიცინის ცენტრის" დირექტორმა ბესიკ სურგულაძემ.
მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ჯანდაცვის საკითხებში მანონ გოგუა, კლინიკის მარკეტინგის სამსახურის უფროსი ნანა უბილავა და კლინიკის თანამშრომლები.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს 2018 წლის 30 დეკემბრამდე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო ამბულატორიული და საკონსულტაციო დახმარების გაწევას. მოქალაქეებს დაურიგდებათ სასაჩუქრე ვაუჩერები, რომლის საფუძველზეც კლინიკა აფხაზეთიდან დევნილებს წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებს.
ცენტრში არსებული აპარატურა საშუალებას იძლევა ადრეულ სტადიაზე მოხდეს სიმსივნის დიაგნოსტიკა და მისი მკურნალობა. ამბულატორიულ მკურნალობასთან ერთად, ასევე, კლინიკა პაციენტებს ბირთვული მედიცინის კუთხით სტაციონარულ მკურნალობასაც სთავაზობს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა.