მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები

აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის ტრადიციული კვირეული გრძელდება. კვირეულის ფარგლებში, 23 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები: კონკურსები კალიგრაფიასა და მხატვრულ კითხვაში, გამოფენები.

  • თბილისში, ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში, გაიმართა დისკუსია თემაზე „ქართული და აფხაზური ლიტერატურული ნაწარმოებების შედარებითი ანალიზი". ქართული და აფხაზური ენის პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად წარმოადგინეს ვაჟა-ფშაველას პოეზიის აფხაზური თარგმანები, ისაუბრეს ქართველ მწერლებზე, რომელთა ნაწარმოებებში აღწერილია ქართულ-აფხაზური ტრადიციები (აკ. წერეთლის „გამზრდელი; ლ. ქიაჩელის „ჰაკი-აძბა"; კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცება", შ. ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა"). დისკუსიის დროს მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად იმსჯელეს ქართულ-აფხაზურ ნაწარმოებებში სხვადასხვა თემის მსგავსება-განსხვავებაზე, სხვადასხვა ენობრივ საკითხზე.
  • სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში, აფხაზური ენის კვირეული აფხაზური ენის სწავლების მნიშვნელობაზე საუბრით გაიხსნა. აღნიშნულ სკოლაში საშუალო საფეხურის მოსწავლეები აფხაზურ ენას ეუფლებიან. მოსწავლეებმა კვირეულის ფარგლებში წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია - „ერთად ჟღერდეს ჩონგური და აფხიარცა". კომპოზიცია მოიცავდა ქართველი პოეტების აფხაზეთისადმი მიძღვნილ ლექსებსა და სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის მონაწილეობით შესრულებულ აფხაზურ და ქართულ ცეკვებს.
  • აფხაზური ენის კვირეული 27 ოქტომბერს დასრულდება. მოსწავლეები დიმიტრი გულიას ძეგლთან ლექსებს აფხაზურ ენაზე წაიკითხავენ. იმავე დღეს, 14:00 საათზე ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში (უზნაძის ქ. 68) გაიმართება აფხაზეთის თემატიკისადმი მიძღვნილი, ასევე,  აფხაზურ ენაზე გამოცემული  წიგნების გამოფენა,  აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის  მოსწავლეები  კი წარმოადგენენ მუსიკალურ კომპოზიციას.