აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის ტრადიციული კვირეული გრძელდება. კვირეულის ფარგლებში, 23 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები: კონკურსები კალიგრაფიასა და მხატვრულ კითხვაში, გამოფენები.
- თბილისში, ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში, გაიმართა დისკუსია თემაზე „ქართული და აფხაზური ლიტერატურული ნაწარმოებების შედარებითი ანალიზი". ქართული და აფხაზური ენის პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად წარმოადგინეს ვაჟა-ფშაველას პოეზიის აფხაზური თარგმანები, ისაუბრეს ქართველ მწერლებზე, რომელთა ნაწარმოებებში აღწერილია ქართულ-აფხაზური ტრადიციები (აკ. წერეთლის „გამზრდელი; ლ. ქიაჩელის „ჰაკი-აძბა"; კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცება", შ. ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა"). დისკუსიის დროს მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად იმსჯელეს ქართულ-აფხაზურ ნაწარმოებებში სხვადასხვა თემის მსგავსება-განსხვავებაზე, სხვადასხვა ენობრივ საკითხზე.
- სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში, აფხაზური ენის კვირეული აფხაზური ენის სწავლების მნიშვნელობაზე საუბრით გაიხსნა. აღნიშნულ სკოლაში საშუალო საფეხურის მოსწავლეები აფხაზურ ენას ეუფლებიან. მოსწავლეებმა კვირეულის ფარგლებში წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია - „ერთად ჟღერდეს ჩონგური და აფხიარცა". კომპოზიცია მოიცავდა ქართველი პოეტების აფხაზეთისადმი მიძღვნილ ლექსებსა და სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის მონაწილეობით შესრულებულ აფხაზურ და ქართულ ცეკვებს.
- აფხაზური ენის კვირეული 27 ოქტომბერს დასრულდება. მოსწავლეები დიმიტრი გულიას ძეგლთან ლექსებს აფხაზურ ენაზე წაიკითხავენ. იმავე დღეს, 14:00 საათზე ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში (უზნაძის ქ. 68) გაიმართება აფხაზეთის თემატიკისადმი მიძღვნილი, ასევე, აფხაზურ ენაზე გამოცემული წიგნების გამოფენა, აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები კი წარმოადგენენ მუსიკალურ კომპოზიციას.