სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ზურაბ პაპასქირმა, მერაბ ნაჭყებიამ და დოქტორანტმა ნინო მაშიამ.
ღონისძიების ფარგლებში პროფესორ თეიმურაზ გვანცელაძის საჯარო ლექცია - „აფხაზური ენა დღეს" გაიმართა, რომელიც აფხაზური ენის მნიშვნელობას, მის ამჟამინდელ მდგომარეობასა და ენაში არსებულ ცვლილებებს შეეხებოდა.
ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ შეაჯამა და აღნიშნა, რომ აფხაზური ენისა და ლიტერატურის კვლევა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრიორიტეტია.
ამ დღესთან დაკავშირებით უნივერსიტეტში XIX და XX საუკუნეებში ქართულ, ლათინურ და აფხაზურ ენებზე შექმნილი და თარგმნილი უიშვიათესი გამოცემების გამოფენა მოეწყო. ასევე, სტუდენტურ ანსამბლ "სნოს" აფხაზური სიმღერის პრემიერა შედგა.