ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციათან ერთად ჟენევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია იმყოფებოდა. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა.
საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდის დღის წესრიგის მთავარი საკითხი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველი მოსახლეობის მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის მძიმე შედეგები და ძალის არგამოყენებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკითხი იყო.
მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელების გამო, კერძოდ სოხუმში რუსეთის ფედერაციის საბაჟო პოსტის შექმნა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებები ახალგორში ანალოგიური სტრუქტურის შექმნის შესახებ.
ქართულმა მხარემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მათი ავთენტურობის შენარჩუნების აუცილებლობის საკითხი დააყენა. აგრეთვე კიდევ ერთხელ მოუწოდეს საოკუპაციო რეჟიმს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივ დაკავებისაკენ. ხაზი გაესვა გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საჭიროებას.
მწვავე დისკუსიის საგანი იყო საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელება. მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან მოუწოდეს საოკუპაციო ხაზზე დახურული ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნისაკენ. ვრცლად იქნა განხილული თავისუფალი გადაადგილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის აუცილებლობა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი 12-13 დეკემბერს გაიმართა.