მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
გარდაიცვალა აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე სვეტლანა ქეცბა

სვეტლანა ქეცბა

აფხაზეთის საზოგადოებას კიდევ ერთი ღირსეული პიროვნება გამოაკლდა - გარდაიცვალა აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე, საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს „წმიდა გიორგის ოქროს ორდენისა" და ღირსების ორდენის კავალერი სვეტლანა ქეცბა.

სვეტლანა ქეცბა დაიბადა 1933 წლის 17 ოქტომბერს ქ. სოხუმში. 1953 წ. დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო სამუსიკო სასწავლებელი, ხოლო 1958 წ. - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია წითელ დიპლომზე მუსიკისმცოდნის კვალიფიკაციით.

1958 წლიდან მუშაობდა სოხუმის პირველ საბავშვო სამუსიკო სკოლაში ჯერ მასწავლებლად, ხოლო შემდეგ დირექტორად; 1974 წლიდან - სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორად.

1992-2004 წწ. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ხოლო 1996-2004 წწ. - საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე.

2004-2006 წწ. მუშაობდა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 2006 წლიდან იყო აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე.

1971 წლიდან არაერთხელ იყო არჩეული აფხაზეთის კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარედ, იყო საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის ცენტრალური სარევიზიო კომისიის, ხოლო შემდეგ - პრეზიდიუმის წევრი.

2000 წლიდან იყო ასოციაციის „ქალები ბავშვებისა და ახალგაზრდობის მომავლისათვის" პრეზიდენტი.

გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები აფხაზური და ქართული სამუსიკო ხელოვნების საკითხებზე, არის მრავალი სტატიის ავტორი, შემდგენელი და რედაქტორი აფხაზ კომპოზიტორთა ნაწარმოებებისა და აფხაზური ხალხური სიმღერების კრებულებისა.

2012 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი ილია II  კურთხევით,  იყო პროექტის ავტორი და შემდგენელი კრებულისა „უფალი სუფევს, მშვენიერება შეიმოსა". 2016 წ. გამოიცა მისი წერილების, ჩანაწერებისა და მოგონებების კრებული „გულის სახსოვარი - აფხაზურ-ქართული ურთიერთობები".

სვეტლანა ქეცბა დაჯილდოვებული იყო აფხაზეთის და საქართველოს უმაღლესი საბჭოების საპატიო სიგელებით, მინიჭებული ჰქონდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ღირსების ორდენი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო „წმიდა გიორგის ოქროს ორდენი", იყო კავკასიის ხალხების მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

ქალბატონი სვეტლანა ქეცბა აფხაზეთის ტრაგედიის დროს უყოყმანოდ დადგა იმ პოზიციაზე, რომელიც მისი ერის გადარჩენის ერთადერთ გზას წარმოადგენდა. მრავალი  ტკივილის ატანა მოუხდა მას ამ ეკლიან გზაზე, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე არ უღალატია საკუთარი პრინციპებისათვის. იგი უანგაროდ ემსახურებოდა სამშობლოს, სწამდა აფხაზი და ქართველი ხალხის საუკუნოვანი მეგობრობისა და რუდუნებით იღვწოდა იმ სანუკვარი მიზნის მისაღწევად, რასაც აფხაზეთში დაბრუნება და აფხაზეთის დაბრუნება ჰქვია.

„პრობლემის სასწრაფოდ მოგვარება - ეს ადამიანთა ხსნის საკითხია და რაც უფრო გაჭიანურდება, მით უფრო გამწვავდება პრობლემა ყველაზე ძვირფასი პოტენციალის - ადამიანურობის შენარჩუნებისა..." - წერდა ქალბატონი სვეტლანა ერთ-ერთ წერილში. „გადის წლები, მაგრამ ვერ მოვახერხე წარსულთან გამიჯვნა, საკუთარ გულში მშობლიური ადგილებისა და საყვარელი ადამიანების გამო სევდის ჩახშობა..." - ესეც მისი სიტყვებია და ამ სევდით გადაინაცვლა მისმა სულმა მარადისობაში.

უფალმა დაუმკვიდოს საუკუნო სასუფეველი!

მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა!

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო