მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაია ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტომაშ პერნიცკის შეხვდა

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტომაშ პერნიცკის შეხვდა.

ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა ჩეხეთის საელჩოს  როლს საქართველოში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროექტებში.  

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ ქალაქ ზუგდიდში სკრინინგის ცენტრის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება. დარწმუნებული ვარ სკრინინგის ცენტრს ბევრი აფხაზიც ეწვევა და კვალიფიციურ მომსახურებას მიიღებს" - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

საუბარი შეეხო ჩეხეთის მთავრობის ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ მეფუტკრეობაში განხორციელებულ პროექტებს. ჩეხეთის საელჩოს ხელშეწყობით ჩამოყალიბებულია კავკასიური ფუტკრის ხელოვნური განაყოფიერების ლაბორატორია. ამჟამად მიმდინარეობს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ პროექტის - „მეფუტკრეობის განვითარების რეგიონალური ცენტრის" განხორციელება, რომელშიც დევნილი მეფუტკრეები ჩაერთვებიან.

შეხვედრაზე განიხილეს ჩეხეთის წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღების შესაძლებლობა. ჩეხეთის მთავრობის სტიპენდია უკვე არაერთმა სტუდენტმა მიიღო, ხოლო 2018-2019 სასწავლო წლიდან აღნიშნული შეთავაზებით ასევე ისარგებლებენ ახალგაზრდები აფხაზეთიდან.

შეხვედრას ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი იან ჩერნიკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.