მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰაიკე ფაიჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰაიკე ფაიჩს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

მთავრობის თავმჯდომარემ გერმანელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურებისა და მათი საქმიანობის შესახებ. ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის იძულებით პასპორტიზაციაზე, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, მდინარე ენგურზე არსებული გადასასვლელების დახურვასა და გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე.

თავის მხრივ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდა.