ქართველი მედიკოსების მიერ განკურნებული აფხაზი ბავშვი, ელარია ბაგათელია, ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს დაბრუნდა. 6 თვის ჩვილი აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ბავშვთა ახალი კლინიკის ცენტრიდან გააცილეს.
8 დღის ელარია ბაგათელია, გულის მანკითა და სასუნთქი გზების თანდაყოლილი პათოლოგიით, ოკუპირებული აფხაზეთიდან 2011 წლის 6 ნოემბერს გადმოიყვანეს. ბავშვს ქართველმა ექიმებმა გულის ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს და სიცოცხლე შეუნარჩუნეს. რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ამ დროისთვის, აფხაზი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ელარია ბაგათელია, დისტრესსინდრომითა და გულის მანკის დიაგნოზით გაგრის სამშობიარო სახლში დაიბადა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ბაგათელიას მშობლებმა დახმარების თხოვნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მიმართეს. ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯები მთლიანად საქართველოს მთავრობამ გაიღო.