აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება" ინიციატივით საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კულტურულ-საგანმანათლებლო შემოქმედებითი ღონისძიება „ჩემი სამშობლო ჩემი გულია" გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო იუბილესადმი მიძღვნილი მხატვრული ნამუშევრების გამოფენა. თბილისის გ.უშიკიშვილის სახელობის ფოლკლორული სკოლის მომღერლებმა ქართული, აფხაზური და ლაზური სიმღერები შეასრულეს.
პროექტის გამარჯვებულები თბილისის საკრებულოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ნომინანტებს საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ გადასცეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სტუდენტი ახალგაზრდობა, მოზარდები და ინტელიგენციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი ქალაქ თბილისის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.