აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის, საქართველოს მწერალთა კავშირისა და ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში დათა გულუას სახელობის პოეზიის კონკურსის „სიჭაბუკე და ლექსი ერთია" დასკვნითი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, დათა გულუას მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
საღამოში მონაწილეობდნენ: საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირის თავმჯდომარე, პოეტი ბაღათერ არაბული, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსი, პოეტი ლაშა გვასალია, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, პოეტი მარინა თექთუმანიძე, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარე ირმა ირემაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოეტი დარიკო ფიფია, წმ. თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე), აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე ირინა ქეცბა, პოეტი მაია მიქაია და ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ჟურნალისტთა კლუბის წევრი ეტი მესხია.
საღამოზე კონკურსის ლაურეატებმა და პრიზიორებმა: ქეთი ნაჭყებიამ, გიორგი ბალახაშვილმა, ზაზა სუყაშვილმა, ბექა ახვლედიანმა, ივდით კვიტიამ, ვენერა ქალდანმა წაიკითხეს თავიანთი საკონკურსო ლექსები, ხოლო ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა დათა გულუას ლექსები. შესრულდა მეგრული და ლაზური სიმღერები. ბაკურ გულუამ დათა გულუაზე დაწერილი ლექსისათვის ვენერა ქალდანს ოჯახის პრიზი გადასცა. კონკურსში გამარჯვებულები დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს.