აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშსა და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
ვახტანგ ყოლბაიამ კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვაზე. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხს, ასევე ისაუბრა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ქართული კვალის წაშლაზე და მათი კვალიფიციური რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუციების გააქტიურების აუცილებლობაზე.
შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე არსებული აფხაზეთის საჯარო სკოლების, ანსამბლების, თეატრებისა და სხვა შემოქმედებითი კოლექტივების მხარდასაჭერად გასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობაზე. მთავრობის თვმჯდომარემ ხაზი გაუსვა აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს.
„მნიშვნელოვნად მიმაჩნია საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის გამართულ ღონისძიებებზე მეტი საშუალება მიეცეს აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებს, მეტად წარმოაჩინონ აფხაზური კულტურა საერთაშორისო ასპარეზზე“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.