26 აგვისტოს, ოკუპირებული აფხაზეთი, რუსეთის მიერ „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ" აღიარებას "ზეიმობს". განვლილი 10 წელი ნათლად აჩვენებს ოკუპირებული აფხაზეთის რეალურ ყოფას: - არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, მყიფე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ჩამოშლილი ეკონომიკა, გაზრდილი კრიმინოგენური საფრთხეები, ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე ახალგაზრდობა, უიმედო მოხუცები და პენსიონერები, იმედგაცრუებული საზოგადოება, რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს შეწირული ათასობით ადამიანის ბედი, განდევნილი ქართველების შემდეგ, საკუთარი სახლებიდან დევნილებად ქცეულნი და აფხაზეთიდან საერთოდ გადახვეწილი აფხაზები. ურა-პატრიოტიზმის განცდა არასახარბიელო რეალობის და კიდევ უფრო გაურკვეველი მომავლის ფონზე აშკარად გაუგებარია. ეს არის საზეიმო? ეს ხომ ჩვენი საერთო ტრაგედიაა.
მივმართავთ აფხაზ თანამოძმეებს, კარგად დაუკვირდნენ მიმდინარე მოვლენებს, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ეს აღიარება არ ეფუძნება არანაირ საერთაშორისო სამართლებრივ ბაზას, პირიქით, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშს დარღვევას, რომელიც ნაკლებად ემსახურება აფხაზთა ინტერესებს, ვინაიდან რუსეთმა, 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების იგნორით, ფსევდოდამოუკიდებლობის მანტიით სამხედრო პლაცდარმი გაიკეთა რეგიონში.
დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ახალგაზრდების აღზრდის საქმეში. თვით აფხაზი თანამემამულეები აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდობა ეთნორადიკალიზმის გავლენით იზრდება. ცრუ იდეალებით და სიძულვილის რიტორიკით აღზრდილ თაობას ძალიან გაუჭირდება თვითდამკვიდრება, მით უმეტეს, რომ ისტორიულად არის დადასტურებული - ეთნორადიკალიზმით ვერცერთი საზოგადოება ვერ ვითარდება და ტოლერანტობა არის პროგრესული კაცობრიობისთვის დამახასიათებელი. ამიტომ კარგად უნდა გაიაზრონ ის, თუ როგორ პირობებში უწევთ არსებობა და იცოდნენ, რომ საქართველო მათ გვერდით არის, საქართველოს ხელისუფლება მათ სთავაზობს ყველა იმ სიკეთით სარგებლობას, რაც მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, პოლიტიკური შეხედულებებისა თუ აღმსარებლობისა. ნდობის გარემოს ჩამოყალიბება და პირდაპირი დიალოგის წარმოება, მშვიდობიანი, ცივილიზებული მეთოდებით ნებისმიერი უთანხმოების დარეგულირების საწინდარია.