აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გამოჩენილი ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, წმინდა გიორგის ოქროს და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენების კავალერის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გენერალ-მაიორ ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალზე პირველ ასვლასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ეროვნული ალპინიადა 21 სექტემბერს დაიწყება და მასში მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა - პარტნიორობის მომზადებისა და განათლების ცენტრი, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიიღებენ და დალაშქვრის შედეგად კავკასიონის ქედზე, ქსნის ხეობაში მდებარე უსახელო მწვერვალს (სიმაღლე 3800 მეტრი ზღვის დონიდან), საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ჟიული შარტავას სახელი მიენიჭება.
ჟიული შარტავას ღვაწლზე და ალპინიადის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, საქართველოს მთასვლელთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა შოთა მირიანაშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ პროფესორი ზურაბ გასიტაშვილმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის უფროსმა მალხაზ გოლეთიანმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა შალვა ნაჭყებიამ და სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე პროფესორმა ვახტანგ ანთიამ.
ღონისძიებას ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სტუდენტები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
„კონფლიქტის დასრულებიდან 25 წელი გავიდა და ძალიან სიმბოლურია, რომ ამ უსახელო მწვერვალს საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელი ენიჭება. მე მჯერა, რომ ეს მწვერვალი ქართველებსა და აფხაზებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენისა და შერიგების სიმბოლო გახდება," - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
ღონისძიება სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარე კვირეულის ფარგლებში გაიმართა.