მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში კონფერენცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ინიციატივით კონფერენცია გაიმართა. შეხვედრის თემა აფხაზეთის კონფლიქტის შეფასება ოცდახუთი წლის გადასახედიდან, ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობა და ქართულ-აფხაზური სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივა იყო.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

„სოხუმშიც და თბილისშიც ვთანხმდებით, რომ აფხაზეთში შექმნილია უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. კონფლიქტიდან 25 წლის განმავლობაში, აფხაზეთში ვითარება არცერთი მიმართულებით არ გაუმჯობესებულა. ამას ვამბობ გულისტკივილით და არა ნიშნისმოგებით.

ჩვენთვის უმთავრეს ამოცანას აფხაზურ და ქართულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა, საკუთარ სახლებში დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება და ერთიან სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრება წარმოადგენს.

საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ვთანხმდებით, რომ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას ალტერნატივა არ გააჩნია, ხოლო დიალოგი ამის საუკეთესო ინსტრუმენტია. ჩვენი ამოცანაა დავარწმუნოთ ამაში აფხაზები და სერიოზულად ვიმსჯელოთ შემოთავაზებული დიალოგის წარმოებაზე", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის თანამშრომლები, მეცნიერები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.