„ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის" ორგანიზებით, 4-6 ოქტომბერს პროექტი „აფხაზეთის დღეები ნიდერლანდების სამეფოში" მრავალფეროვანი პროგრამითაა წარმოდგენილი. პროექტის ოფიციალური გახსნა საქართველოს საელჩოში გაიმართა და მისი სლოგანია „დავიბრუნოთ ერთმანეთი". ღონისძება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი მისასალმებელი სიტყვით ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ გახსნა.
ღონისძიების მნიშვნელობასა და აფხაზურ მხარესთან მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივებზე, ასევე ურთიერთობების სახალხო დიპლომატიის გზით აღდგენასა და მნიშვნელობაზე პროექტის იდეის ავტორმა ლალი ბუთბაიამ, "ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის" დამფუძნებელმა თიკა სვანიძე-ვენკომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ, მწერალმა გურამ ოდიაშარიამ, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარმა დოსითეოსმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა ისაუბრეს.
ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ღონისძიებაზე გაიმართა ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2"-ის ბავშვთა კონცერტი.
„აფხაზეთის დღეებში" არასამთავრობო ორგანიზაცია „Youth of Democracy"-მ მიიღო მონაწილეობა. ასევე, მოეწყო დიზაინერ თეა გუნთაიშვილის თოჯინებისა და კომპანია „მარიგოლდი"-ს გათანამედროვებული ეროვნული სამოსის გამოფენა.
პროექტის ფარგლებში 5 ოქტომბერს, ამსტერდამში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გაცნობითი შეხვედრა და პრეზენტაცია ჩატარდება.
6 ოქტომბერს ქართველი მხატვრების გამოფენით გაგრძელდება და ანსამბლ „რუსთავის" სოლისტის, გიორგი ალექსანდრიას, ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2"-ის და „Voice of Germany"-ის 2017 წლის გამარჯვებული ნათია თოდუას კონცერტით დაიხურება. ასევე, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ნიდერლანდებში არსებული ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „მერანი". ქეთევან წიკლაურისა და ივო ბოსვაიკის დირიჟორობით ნიდერლანდელი მომღერლები ქართულ და აფხაზურ სიმღერებს შეასრულებენ.