მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი დასრულდა

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ, 45-ე რაუნდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქართულ დელეგაციასთან ერთად ჟენევაში იმყოფებოდა.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გალის რაიონში მიმდინარე ეთნიკური დისკრიმინაცია იყო, რომელიც მკვიდრ ქართველ მოსახლეობას აიძულებს არჩევანის გაკეთებას რეგიონის დატოვებასა და უცხოელებად დარეგისტრირებას შორის. აქცენტი გაკეთდა გალისა და ახალგორის ქართულ სკოლებში განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვაზე. აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებებით მოსკოვი ახორციელებს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის რუსიფიკაციის მიზანმიმართულ პოლიტიკას.

თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის ფორმატის ისევე როგორც, გალისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის საქმეში იმ ფონზე, როცა ადგილზე ყოველდღიური ხასიათი აქვს ინციდენტებსა და პროვოკაციებს. მონაწილეებმა საქართველოდან დაგმეს რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ნაბიჯები IPRM-ის წინააღმდეგ. თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს გალისა და ერგნეთის მექანიზმების ჩვეულ სამუშაო რეჟიმში დაბრუნების აუცილებლობას, ფუძემდებლური პრინციპებისა და წესების სრული დაცვით.

აშშ-ის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მოუწოდეს მოსკოვს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულებისკენ, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების გაყვანისაკენ.

მონაწილეებმა საქართველოდან შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესის გაგრძელების გამო.
 
განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებული ვითარება. დაგმობილ იქნა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელება, ასევე უკანონო დაკავებები. 

საქართველოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თავისუფალი გადაადგილებისა და საკუთარ მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვის პრობლემებზე, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და საოკუპაციო ხაზზე დაწესებული სხვადასხვა შეზღუდვების შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

განხილვის მნიშვნელოვანი საკითხი იყო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების აუცილებლობა.

მოლაპარაკებების მორიგი 46-ე რაუნდი 2018 წლის 11-12 დეკემბერს გაიმართება.