აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია მიესალმება წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორისადმი დაქვემდებარებას.
საქართველოს სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის იყო მისი მრევლის ჭეშმარიტი მწყემსი და წინამძღვარი. 33 წლის შემდეგ, წმინდა სინოდის ეს გადაწყვეტილება, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სასოწარკვეთილებასა და სულიერი გაუცხოების პირობებში მცხოვრები მრევლისათვის, ასევე დევნილობაში მყოფი უამრავი ადამიანისათვის, იმედის მიმცემი და მანუგეშებელია.
მისი უწმინდესობის ტიტულატურაში, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად მოხსენიება აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, რამეთუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სამოციქულო ეკლესიის ერთიანობა ქართული სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილია. რაც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებითა და საეკლესიო კანონმდებლობითაა გამყარებული. დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთიდან დაწყებული მისი ღვთისნიერი გზა, კვლავ აფხაზეთში, ქართველთა და აფხაზთა შერიგებით დაგვირგვინდება.