მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
გიორგი ბარამია: „ქართულ-აფხაზური დიალოგი აჭარიდან უნდა დაიწყოს“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ ბათუმში მიმდინარე აფხაზთა და ქართველთა პირველ სახალხო ფორუმს დროული მოვლენა უწოდა.

„ქართულ-აფხაზური დიალოგი აჭარიდან უნდა დაიწყოს,"- ეს განცხადება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ფორუმის დასრულების შემდეგ გააკეთა.

გიორგი ბარამიას განცხადებით, აფხაზებისთვის ყველაზე მძიმე პერიოდში, როცა მათ ცარისტული რუსეთი დევნიდა, უამრავმა მუჰაჯირმა თავი სწორედ აჭარას შეაფარა.

„მაშინ, როდესაც აფხაზებს მეფის რუსეთმა გენოციდი მოუწყო და ოსმალეთის იმპერიაში გადაასახლა, მათ დახმარების ხელი აჭარაში მცხოვრებმა ქართველებმა გაუწოდეს. სწორედ ამიტომ, იმ აფხაზებს, რომლებიც დღემდე ჩვენი ქვეყნის ამ ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში ცხოვრობენ, ქართულ-აფხაზური სახალხო დიალოგის დაწყებაში განსაკუთრებული როლი ენიჭებათ," - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.

გიორგი ბარამიამ საქართველოს პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში გამოსვლისას გაჟღერებულ სამშვიდობო ინიციატივაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზთა და ქართველთა პირველი სახალხო ფორუმი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართველებს აფხაზებთან ერთად ერთ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრება სურთ და ამ სურვილს ასრულება უწერია.