მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობამ გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა. 
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის პრემია ენიჭება 2009-2011 წლებში ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგებში შექმნილ ნაწარმოებებს, რომლებმაც საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვეს.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია  აფხაზეთის მთავრობის უმაღლესი ჯილდოა. კონკურსში გამარჯვებულებს მიენიჭებათ ,,გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატის" წოდება, გადაეცემათ ლაურეატის დიპლომი და ფულადი ჯილდო.
,,გიორგი შარვაშიძე, ეროვნებით აფხაზი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შარვაშიძის შვილია. იგი 1846-1918 წლებში მოღვაწეობდა, ბრწყინვალედ იცნობდა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, აფხაზეთის ისტორიასა და ფოლკლორს, იღწვოდა ეროვნული თვითმყოფადობისა და საერთო ეროვნული ფასეულობების განვითარებისათვის. თავის პუბლიცისტურ ნაწარმოებებში, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის თანამოაზრე, რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ილაშქრებდა და ქართველებისა და აფხაზების ერთობას ქადაგებდა,''- განაცხადა გიორგი ბარამიამ.
კონკურსში გამარჯვებულებს სპეციალური კომისია 2011 წლის 23 ნოემბერს გამოავლენს. განცხადებები მიიღება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 1 ივნისამდე. კონკურსის პირობები შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ვებ-გვერდზე.