მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
გიორგი ბარამიამ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის პრეზენტაცია გამართა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ სასტუმრო "Courtyard Marriott" - ში საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გამართა პრეზენტაცია თემაზე: ,,ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო: წარსული და არსებული მდგომარეობა". აფხაზეთის ისტორიულ წარსულზე, ამ რეგიონის ოკუპაციასა და იქ ამჟამად არსებული ვითარების შესახებ საუბრისას გიორგი ბარამიამ აღნიშნა : ,,ჩვენს მთავარ მიზანს საქართველოს საბოლოო დეოკუპაციისათვის ეფექტური მექანიზმების შემუშავება და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს".

პრეზენტაციაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთში ეთნიკური წმენდის შედეგად შექმნილ რთულ დემოგრაფიულ ვითარებაზე, რეგიონის მილიტარიზაციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე, კრიმინოგენულ სიტუაციასა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის საკითხს: ,,აფხაზეთში ქართული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უკანონო რესტავრაცია მიზანმიმართულად დაიწყო, რაც აშკარად ქართული კვალის წაშლისკენაა მიმართული და რუსიფიკატორული პოლიტიკის ნაწილია". ამის ერთ-ერთ მაგალითად გიორგი ბარამიამ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დაასახელა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთში მიმდინარე რთულ ეკოლოგიურ პროცესებზე საუბრისას აღნიშნა, რომ შექმნილი სიტუაცია ოკუპირებული ტერიტორიიდან ინერტული მასალებისა და უნიკალური ჯიშის ხე-ტყის უკანონო გატანით არის  გამოწვეული. გიორგი ბარამიამ დამსწრე საზოგადოებას მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების: ჯანდაცვის, განათლებისა და სახალხო დიპლომატიის სფეროში განხორციელებულ პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

ღონისძიების პარალელურად, სასტუმრო ,,Courtyard Marriott"-ის ფოიეში აფხაზეთის ომამდელი და ომისშემდგომი პერიოდის ამსახველი ფოტო-გამოფენა და ვიდეო ინსტალაცია მოეწყო. პრეზენტაციას საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.