აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგს შეხვდა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გერმანიის ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობასა და იქ მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასა და აფხაზეთში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესებზე.
შეხვედრაზე, მთავრობის თავმჯდომარემ უცხოელ დიპლომატს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ, კერძოდ, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში განხორციელებულ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა.
გიორგი ბარამიამ ორთვინ ჰენიგს აფხაზეთის მთავრობის ხედვა გააცნო და ისაუბრა კონფლიქტის დარეგულირების სამ ძირითად მიმართულებაზე, როგორიცაა სახალხო დიპლომატია, უსაფრთხოების ახალი მექანიზმების შემუშავება და ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევა.
გერმანიის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.
,,მე მქონდა ძალიან ხანგრძლივი და საინტერესო შეხვედრა გიორგი ბარამიასთან. ჩვენ ვისაუბრეთ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე. მე ვიტყვი ერთს, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის შეიძლება პარალელების გავლება. ქვეყანა ხელოვნურად არ შეიძლება იყოს გაყოფილი. ჩემი სურვილია კონფლიქტი სწრაფად დარეგულირდეს და ქართველმა და აფხაზმა ხალხმა კვლავ შესძლონ თანაცხოვრება", - განაცხადა შეხვედრის დასასრულს გერმანიის ელჩმა.
გიორგი ბარამიამ ორთვინ ჰენიგს აფხაზეთში არსებული ვითარებით დაინტერესებისათვის მადლობა გადაუხადა.