აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დასრულდა. მთავრობის თავმჯდომარემ შემაჯამებელი შეხვედრა მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტში გამართა, სადაც მოაწყო პრეზენტაცია თემაზე - ,,ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო: წარსული და არსებული მდგომარეობა''. შეხვედრას უკრაინელი და რუსი ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
,,საკმაოდ მწირი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ ამ პრეზენტაციით მათთვის რეალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ვისაუბრეთ საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილ რთულ ვითარებაზე და ასევე გავაცანით აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტები და შედეგები,"- განაცხადა გიორგი ბარამიამ.
ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა უკრაინის რადას წარმომადგენლებთან, მათ შორის უმაღლესი რადას აპარატის მთავარი იურიდიული სამმართველოს ხელმძღვანელთან მიხაილ ტეპლიუკთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ტარას ჩერნოვილთან.
გიორგი ბარამია უკრაინაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასა და ქართველ სტუდენტებსაც შეხვდა, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მათ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს ხელისუფლების ხედვა გააცნო.
გიორგი ბარამია ჟურნალ ,,საქართველოს" 5 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და უკრაინის ქართულ საკვირაო სკოლას ესტუმრა.
უკრაინის ქართველთა ასოციაცია ,,იბერიელთან" არსებულმა საზოგადოებრივმა საბჭომ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს წმინდა გიორგის ორდენი გადასცა.
აფხაზეთის მთავრობის დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ნოდარ ჩხარტიშვილი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი ვახტანგ თორდია შედიოდნენ.