საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, გალაკტიონ ტაბიძის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო და კრებულის „გალაკტიონი, ზღვა და აფხაზეთი" პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, გალაკტიონ ტაბიძის ძმისშვილი ნოდარ ტაბიძე, ქართველი პოეტები და მწერლები დაესწრნენ.
ნატო კორსანტიას წიგნში „გალაკტიონი, ზღვა და აფხაზეთი" თავმოყრილია დიდი პოეტის აფხაზეთისადმი მიძღვნილი ლექსები, დღიურები, უბის წიგნაკები და ჩანაწერები. გალაკტიონი სიღრმით ეცნობოდა აფხაზეთის ისტორიულ ძეგლებს, ქალაქებს, სოფლებს, უბრალო ადამიანებს, მათ ტრადიციებს და ამ ყველაფერს წიგნში აქსოვდა. კრებულში გაეცნობით აფხაზეთში შექმნილ ნაწარმოებებს, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ საარქივო მასალებს და თანამედროვეთა მოგონებებს დიდი პოეტის აფხაზეთთან ურთიერთობებზე.
ლიტერატურული საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.