ამერიკის შეერთებილ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, ნიუ-იორკში საქრთველოს საკონსულოში აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. შეხვედრას ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული, ირაკლი ჟორდანია ესწრებოდა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ დევნილებთან ერთად ხელი მოაწერა გრაგნილს, რომელიც ცივილიზებული სამყაროს მიმართ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობის მიმართვას ასახავს. გრაგნილი რამდენიმე დღეში გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გადაეცემა.
„ჩვენი შეხვედრის მიზანია დევნილების ჩართვა ყველა პროცესში. მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად მივიღე ამ აქციაში მონაწილეობა. ეს კიდევ ერთი მესიჯია, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ ნათლად დაინახოს ის დესტრუქციული ქმედება, რასაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორცილებს,"- განაცხადა გიორგი ბარამიამ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარე ნებრასკას შტატის ვიცე-გუბერნატორს რიკი შიჰის შეხვდა. შეხვედრისას მხარეება განიხილეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მძიმე ვითარება. ასევე, აშშ-ში შეხვედრის ფარგლებში გიორგი ბარამიამ და სამხრეთ-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ბიატრისის სტუდენტური დაწესებულების" პრეზიდენტმა, დევნილებისათვის გაცვლითი პროგრამების საკითხი განიხილეს. აფხაზეთის მთავრობის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ამერიკელ მილიარდელ ტონი დუნკანთანაც, რომელმაც საინვესტიციო გარემოს შესწავლის მიზნით საქართველშო ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა.