მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობა სოხუმის დაცემის 18 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებას განმუხურში გამართავს

27  სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით  ღონისძიებას  ,, მე მიყვარს აფხაზეთი" , განმუხურში გამართავს.

ღონისძიების ფარგლებში განმუხურის ამფითეატრის ტერიტორიაზე მოეწყობა  ბანერული გამოფენა აფხაზეთიდან დევნილი 18 ბავშვის პორტრეტით ასაკის მიხედვით (1-დან 18 წლამდე),  წარწერებით „მუდმივი მისამართი-აფხაზეთი."

სცენაზე განთავსებულ ეკრანზე გაშუქდება აფხაზეთის ომამდელი კადრები, რომლებიც ასახავს აფხაზებსა და ქართველებს შორის არსებულ მშვიდობიანი თანაცხოვრების პერიოდს.

ღონისძიების განმავლობაში შესრულდება აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული  სიმღერები, წაკითხული იქნება ლექსები აფხაზურ ენაზე.  აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე  გიორგი ბარამია სიტყვით მიმართავს ქართულ და აფხაზურ საზოგადოებას.

ღონისძიების მიზანია, აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდა თაობამ, რომელთა მუდმივი საცხოვრებელი მისამართი აფხაზეთია, სამშვიდობო გზავნილი გაუგზავნოს აფხაზ თანატოლებს, მათთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ერთიანი მომავლის შენების მიზნით.

სამშვიდობო გზავნილი ვიდეო მიმართვის საშუალებით გაშუქდება, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ქართულ და აფხაზურ ენებზე მიმართავენ თავიანთ თანატოლებს.

ღონისძიების ბოლოს ახალგაზრდები ცაში აუშვებენ ქაღალდის ფარნებს, რომლებიც იქნება  სიმბოლური სამშვიდობო გზავნილები აფხაზეთისათვის.

ღონისძიების მთავარი სიმბოლო იქნება თეთრი ყელსახვევი წარწერით - ,,მე მიყვარს აფხაზეთი".

ღონისძიება ხვალ 19:00 საათზე დაიწყება.