მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი ითავლისწინებს თანამშრომლობას სამეცნიერო - კვლევით საქმიანობაში ქართულ - აფხაზური კონფლიქტების დარეგულირების საკითხებზე, აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას ინოვაციურ კვლევებზე დაფუძნებულ უწყვეტი განათლების მიღების გზით, ერთობლივი სოციოლოგიური კვლევების ჩატარებას აფხაზეთიდან დევნილთა პრობლემების შესასწავლად და სათანადო მეცნიერული რეკომენდაციების შესამუშავებლად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აღზრდილის, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, წმინდა გიორგის ოქროს და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენების კავალერის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გენერალ-მაიორ ჟიული შარტავას ხსოვნის უკვდავსაყოფად მიმართული ღონისძიებების ერთობლივად ჩატარებასა და კოორდინაციას.

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ზურაბ გასიტაშვილი, პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის თავმჯდომარე ჯემალ გახოკიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის თანამშრომლები.