მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
გიორგი ბარამია: „რუსი ოკუპანტები რუსეთ–საქართველოს საზღვრის ფსოუდან ენგურზე გადმოტანას აპირებენ“

აფხაზეთის  მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია გალის რ-ში სოფელ ფიჩორში რუსული  სამხედრო ბაზის გახსნას გამოეხმაურა. გიორგი ბარამიას განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან ახლოს რუსეთის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ძალების სამხედრო ქალაქის გახსნით, კრემლი ცდილობს ხაზი გაუსვას, რომ აფხაზეთის ტერიტორია რუსეთს ეკუთვნის და არა საქართველოს.

„გალის რაიონში მდებარე 6  რუსული სამხედრო ბაზიდან, ფიჩორის სამხედრო ბაზას განსაკუთრებული დანიშნულება აქვს. რადგან, სწორედ აქედან ხდება რეგიონში განთავსებული  სხვა ბაზების კოორდინაცია,  ამ პუნქტიდან იმართება ის დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მიმართავს,"- განაცხადა  გიორგი ბარამაიამ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ოკუპანტების ჩანაფიქრი ფიჩორის სამხედრო ბაზიდან საზღვაო აკვატორიისა და სახმელეთო  საზღვრის  მთელი პერიმეტრის,  მათ შორის ენგურზე  არსებული ყველა გადასასვლელის გაკონტროლებაა.

„ფაქტიურად,  კრემლის მომდევნო ნაბიჯი  რუსეთ-საქართველოს  საზღვრის ფსოუდან  ენგურზე გადმოტანა იქნება.  რაც კიდევ უფრო გაართულებს ადმინისტარციულ საზღვარზე გალის რაიონის მოსახლეობის გადაადგილებას.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით  ინტენსიურად მიმდინარეობს რეგიონის მილიტარიზაცია. რუსეთის მიზანია ოკუპირებული გალის ტერიტორიის სამხედრო დასახლებად გადაქცევა. დაგეგმილია  რუსი ოფიცრების ოჯახის წევრების ჩამოსახლება,  რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ მოკლე ხანში რუსეთმა შეიძლება განცხადებაც კი გააკეთოს გალის რაიონის საოკუპაციო ხაზზე საერთაშორისო ნორმების დარღვევით ცალმხრივი სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ," - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.