მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი გაიმართა

11-12 დეკემბერს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი გაიმართა. ქართულ დელეგაციასთან ერთად ჟენევაში იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
ჟენევის მოლაპარაკებების 46-ე რაუნდის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე.  საქართველოს დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის პროცესზე, გახშირებულ სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზე. ქართველმა მონაწილეებმა ისაუბრეს საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრებაზე და დაგმეს სოფელ ატოცთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის გაძლიერების ფონზე, ქართულმა დელეგაციამ კვლავ დააყენა მოსკოვის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების საჭიროება და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსების აუცილებლობა.
მოლაპარაკებებისას საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ დააყენეს საკითხი არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროების შესახებ. 46-ე რაუნდის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ვრცლად განიხილეს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, საკუთრებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საკითხები. განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაციის მძიმე შედეგები და ამ გამოწვევის დაუყოვნებლივ გადაჭრის აუცილებლობა. აღინიშნა, რომ არსებული დისკრიმინაციული შეზღუდვები და შედეგად ადგილზე შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, ქმნის ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის საფრთხეს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას. ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, კვლავ ხაზგასმით აღინიშნა გალისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების დროულად, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით აღდგენის აუცილებლობა. რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დესტრუქციული პოზიციის გამო, ვერ მოხერხდა დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემის - ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის განხილვა. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 2-3 აპრილს გაიმართება.