მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების საკითხებზე გამართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დღეს სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართულ დიალოგში „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება" მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი  ლაშა დარსალია, ევროკავშირის  სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი მარტა ფრიმანი, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდებზე განხილულ საკითხებსა და მომავალ რაუნდზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე. იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობასა და მის როლზე კონფლიქტის მოგვარების საქმეში, სამშვიდობო პროცესებში არასამთავრობო სექტორის, განსაკუთრებით  ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ის გამოწვევები, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებობს.

ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებზე. კერძოდ, უკანონო დაკავებების, ადამიანის უფლების შეზღუდვის შემთხვევებზე. ამ ჭრილში მიმოიხილეს დავით ბაშარულის, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები.

დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ჩართულობით დღეს სასტუმრო „რუმსში" გაიმართა.