მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ჩხოროწყუში დევნილებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჩხოროწყუში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ბასარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯემალ გოგოხია და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით გოგუა.

დევნილებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დევნილ მოსახლეობას ის მიმდინარე პროექტები გააცნეს, რომლებსაც აფხაზეთის მთავრობა საქართველოს ცენტრალური მთავრობისა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით ახორციელებს.

დევნილთა ძირითადი მოთხოვნები შეეხებოდა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საცხოვრებელი ფართებისა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. აფხაზეთის მთავრობის ხემლძღვანელობა დევნილებს მის ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, პრობლემების მოგვარებას, გარკვეულ საკითხებში კი საქართველოს ცენტრალური მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან შუამდგომლობას დაჰპირდნენ.

შეხვედრის ბოლოს აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი ვახტანგ ყოლბაია დევნილებს ინდივიდუალურად გაესაუბრა.

გარდა ამისა, აფხაზეთის ხელისუფლებისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, შესაბამის მემორიალთან პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლების ხსოვნას.

მსგავსი შეხვედრა დევნილებთან ხვალ მარტვილში გაიმართება.