აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. გერმანია ისტორიულად საქართველოს პარტნიორი ქვეყნაა ყველა ეტაპზე.
მთავრობის თავმჯდომარემ გერმანელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების მდგომარეობის შესახებ გაეროს რეზოლუციების რეგულარული მხარდაჭერისათვის. მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და მთავრობის სტრუქტურების აქტივობების შესახებ. გააცნო საოკუპაციო რეჟიმის მიერ მდინარე ენგურზე გადასასვლელის ჩაკეტვით შექმნილი ვითარება. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებით პასპორტიზაციასა და გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზებისა და შესაძლებლობების, უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრების შეთავაზებას გულისხმობს.
საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და გერმანიის რესპუბლიკის საელჩოს შესაძლო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.
თავის მხრივ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე და ურყევი პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
შეხვედრას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე პოლიტიკის, კულტურის და პრესის საკითხებში მიხაელ ფაბრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.