აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა აბლოთია მდინარე ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ, სადაც ვახტანგ ყოლბაია ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოსახლეობას შეხვდა და მათ იქ არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.
„ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების გამო აფხაზეთის მოსახლეობა სრულ იზოლაციაშია. საოკუპაციო რეჟიმის ამ ქმედებით გალის რაიონის მოსახლეობა ფაქტიურად ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. მოსახლეობას შეეზღუდა წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე. ასევე, პრობლემები ექმნებათ ენგურის იქით დარჩენილ ახალგაზრდებს, რომლებიც სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. თუმცა აღვნიშნავ, რომ სოხუმის ადმინისტრაციამ გამოიჩინა ნება და მოსწავლეთა და სტუდენტთა ნაწილმა შეძლო ენგურის ხიდის გადმოკვეთა. შექმნილი ვითარებით შეწუხებულია აგრეთვე ზუგდიდის მოსახლეობაც. თუ ადრე, გადასასვლელის ჩაკეტვამდე ენგურზე დღის განმავლობაში 4-5 ათასი ადამიანი გადაადგილდებოდა, რომელთა დიდი ნაწილიც სავაჭრო-ეკონომიკურ პროცესებში იყო ჩართული, ახლა მოსახლეობა ამას ვეღარ ახერხებს რადგანაც ის ერთადერთი გადასასვლელიც პარალიზებულია. საქართველოს მთავრობის შესაბამისი სტრუქტურები საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით ყველაფერს აკეთებს, რათა უმოკლეს დროში აღდგეს ჩვენი მოსახლეობისთვის ჩვეულებრივი მიმოსვლის რეჟიმი“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
მდინარე ენგურზე არსებული ერთადერთი გადასასვლელი „ღორის გრიპის“ ეპიდემიის საბაბით საოკუპაციო რეჟიმმა 11 იანვარს ჩაკეტა. მას შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დადგა.