აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ იაპონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის, ასევე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების კუთხით ჯანდაცვასა და განათლებაში განხორციელებული პროექტებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იაპონიის მთავრობის ხელშეწყობით რუხში მოწყობილ სასათბურე მეურნეობას. აღნიშნული მეურნეობის დასათვალიერებლად ვახტანგ ყოლბაიამ იაპონიის ელჩი რუხში მიიწვია.
ვახტანგ ყოლბაიამ მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და მთავრობის სტრუქტურების აქტივობების შესახებ. ასევე, ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებითი პასპორტიზაციასა და იქ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი პერსპექტიული, ალტერნატიული გზებისა და შესაძლებლობების შეთავაზებას გულისხმობს.
საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და იაპონიის საელჩოს შესაძლო სამომავლო თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში.
თავის მხრივ იაპონიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
შეხვედრას საქართველოში იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი შინჯი სოიამა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია და შპს. საოჯახო მედიცინის ცენტრი „აფხაზეთის“ დირექტორი ლამზირა ზოდელავა ესწრებოდნენ.