საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ პრეზენტაცია გაიმართა.
კრებული აფხაზეთიდან ლტოლვილ საზღვარგარეთ მცხოვრებ წარმატებულ ახალგაზრდებს (34 ახალგაზრდა) აერთიანებს, რომლებსაც დღეს ევროპას, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წამყვანი პოზიცია უკავიათ და მათ შორის ბევრიც წარჩინებული სტუდენტია. კრებულში უცხოეთში მცხოვრები წარმატებული დევნილები თავად ყვებიან განვლილი გზისა და მიღწეული წარმატებების შესახებ. მათ შორის არიან: დემნა გვასალია, ანდრო ვეკუა, ნათია თოდუა, რუსუდან ჟორჟოლიანი და სხვები.
იდეის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორია ნატო კორსანტია. კრებული პროექტის „საინფორმაციო ბანკის შექმნა საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან ლტოლვილ წარმატებულ ახალგაზრდებზე“ ეგიდით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამის მხარდაჭერით გამოიცა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.