ქუთაისში აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორში“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2018 წელს გამოცხადებული გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის განხორციელების პროცესში ჩაერთვებიან და დასაქმდებიან „ბიზნესინკუბატორში“ მომუშავე სპეციალისტები, მათ შორის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. პროექტის ფარგლებში შეიქმნება პირველი ქართული ქარის ტურბინა, რომელიც განკუთვნილი იქნება სოფლებსა და ქალაქურ დასახლებებში ელექტროენერგიაზე საყოფაცხოვრებო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ დირექტორმა ალუ გამახარიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ პროექტის მნიშვნელობასა და მასში დევნილი მოსახლეობის ჩართულობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი არჩილ გეგუჩაძე, ქუთაისის ადგილობრივი წარმოების ხელმძღვანელები ამირან ამირანაშვილი და ზაურ ენდელაძე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.