მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას იუბილე არ არის რიგითი მოვლენა. სახელგანთქმული კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟის, სამეცნიერო-ლიტერატურული სფეროს გამორჩეული მოღვაწის, დისიდენტის და პრეზიდენტის საქმენი ჯერ კიდევ შეუსწავლელია, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიერ.

ინფორმაცია, მეხსიერება, ლოგიკა ანალიზისათვის საჭირო საყრდენებია და ამ საყრდენების გამოყენებით, ჩვენ უნდა ვთქვათ:

დიდია მისი ღვაწლი რუსთველოლოგიის განვითარების, ქართული კულტურის, ისტორიის შესწავლის საქმეში. ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, მონოგრაფიები, წერილები დღევანდელ ეტაპზე უფრო საკრალურ და ღრმა დატვირთვას იძენს.

საბჭოთა სისტემაში ძნელი იყო „გეცურა“ დინების წინააღმდეგ, მაგრამ მან ეს შეძლო მერაბ კოსტავასთან, სხვა თანამოაზრეებთან ერთად და გაიმარჯვა.

ზვიად გამსახურდია 1978 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ წარგენილი იყო ნობელის  მშვიდობის პრემიაზე და ეს ნიშნავს, რომ ზვიად გამსახურდია არ იყო მხოლოდ ქართული მოვლენა, მისი სულიერი, ფიზიკური თუ ინტელექტუალური დონე მსოფლიო სტანდარტებს უტოლდებოდა.

ღირს გახსენებად ზვიად გამსახურდიას და მისი თანამოაზრეების ღია ბრძოლა „საქართველოს მოამბით“, განათლების სფეროს მოსკოვის იმ ჩინოვნიკთა მიმართ, რომელთაც სასწავლო პროგრამებიდან ამოიღეს საქართველოს ისტორიის გაკვეთილები, შეფასებები და შესაბამისად აკრძალეს ატესტატებში საგნის აღნიშვნა.

ზვიად გამსახურდია მხოლოდ ერთი წელი,ერთი თვე და რამდენიმე დღე იყო  ხელმძღვანელი პირველი პირი საქართველოში, მაგრამ მოასწრო იმის გაკეთება, რასაც ათეული წლები შეალიეს და ვერ მოახერხეს თაობებმა. მან ურთულეს პოლიტიკურ ვითარებაში შეძლო რეფერენდუმის ჩატარება 1991 წლის 31 მარტს და ამ რეფერენდუმის შედეგებმა საფუძველი დაუდო 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: დაპირისპირების, ღალატის, არასახელმწიფოებრივი, არაეროვნული აზროვნების დრო წარსულშია, ერის მსახურება კი დღევანდელობის, ერთიანი, ძლიერი საქართველოსთვის!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა