მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდი გაიმართა

2-3 აპრილს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდი გაიმართა. ქართულ დელეგაციასთან ერთად ჟენევაში იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.

ჟენევის მოლაპარაკებების 47-ე რაუნდის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, უკანონო დაკავებასა და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე მის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

ყურადღება გამახვილდა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკაზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის  გაგრძელებაზე, რასაც თან ახლავს ადგილობრივი მოსახლეობის წვდომის შეზღუდვა საკუთარ მიწის ნაკვეთებზე და იწვევს ადგილზე დაძაბულობის სერიოზულ ესკალაციას.

კვლავ მწვავედ დაისვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. ამასთანავე, თანათავმჯდომარეებმა, მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან შეშფოთება გამოხატეს ირაკლი კვარაცხელიას რუსეთის სამხედრო ბაზაზე ტყვეობაში გარდაცვალების გამო. ქართველმა მონაწილეებმა მოითხოვეს დეტალური ინფორმაციის გაზიარება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ობიექტური გარემოებების დადგენის მიზნით.

მოლაპარაკებებისას საქართველოს წარმომადგენლებმა დააყენეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის, ეთნიკური დისკრიმინაციისა და ადგილობრივი მოსახლეობის სხვა ფუნდამენტური უფლებების უხეშად დარღვევის საკითხები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობის მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და ეთნიკური ნიშნით შევიწროებას. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზი გაუსვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე რუსიფიკაციის აქტიურ  პოლიტიკას, რაც ადგილობრივი მოსახლეობის იდენტურობაზე მიზანმიმართულ შეტევას წარმოადგენს.

მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის აუცილებლობას. ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ყოფნით რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ძალის გამოყენებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოსკოვის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების საჭიროებას. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კი საქართველოს წარმომადგენლებმა დასვეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოდან გაყვანის აუცილებლობა.

რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დესტრუქციული პოზიციის გამო, ვერ მოხერხდა დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემის - ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის განხილვა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 2-3 ივლისს გაიმართება.